Shevardeni-2005

Call: +995 32 295-36-01, E-mail: info@shevardeni-2005.ge

GeorgianEnglish (United Kingdom)Russian (CIS)

Profile

Menu Style

Cpanel

მარგიანის ოქრო და გვინიაშვილის ბრინჯაო ბაქოს გრან სლემზე

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანმა ფინალში იჭიდავა და უფროსებს შორის პირველი საერთაშორისო ტიტულის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ნაკრებში დასამკვიდრებლად მებრძოლმა 20 წლის ძიუდოისტმა აზერბაიჯანულ ტატამზე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ვერცხლთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

მარგიანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჩინელ ჰემუბატუ ერის წუთსა და 47 წამში სამი გდება შეუსრულა - იუკო, ვაზარი და იპონი. გერმანელ ჰანეს კონრადს მეხუთე წუთის მიწურულს შესრულებული იუკოთი სძლია, რუსეთის ნაკრების წევრ არსენ პშმახოვს ერთი გაფრთხილებით აჯობა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელთან ალან ხუბეცოვთან მეოთხე წუთის მიწურულს დაკარგული იუკოთი დამარცხდა. არადა შეხვედრის დასაწყისშივე იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს მარგიანის სასარგებლოდ მინიმუმ ვაზარის დაფიქსირება რომ შეეძლო, მაგრამ გდება უყურადღებოდ დატოვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ორი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ პოდიუმს მხოლოდ მარგიანი შეწვდა.

ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც 73 კილოგრამში საქართველოს ნაკრების წევრია, ზედმეტი წონის კლება ტურნირიდან ტურნირამდე სულ უფრო მეტად უჭირს და ამიტომაცაა, დროდადრო საერთაშორისო არენაზე 81-ში რომ ჭიდაობს. სამი თვის წინ, ობერვარტის ევროპის ღია ტურნირზე ჩემპიონიც გახდა. ამჯერად კი მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ბაქოს გრანდ სლემის ძირითად ბადეში ზებედამ სამი შეხვედრა ჩაატარა. მეთექვსმეტედფინალში უზბეკი შახზოდ სობიროვი საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე დააგდო ბეჭებზე, ტუნისელი აბდელაზიზ ბენ ამარი მსაჯს ოთხ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა, მეოთხედფინალში კანადელ ანტუან ვალუა ფორტიეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია – ორჯერ იუკოზე დაეცა, მეხუთე წუთზე კი მტკივნეული ილეთით დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც უმალ წააგო აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან. პირველი ოთხი წუთი ჭიდაობა ქართველ ძიუდოისტს მიჰყავდა და იუკოსაც იგებდა, მაგრამ შემდეგ წამიერი მოდუნება ვაზარზე წამოგებად დაუჯდა, რომელიც მეჰდიევმა შებოჭვით დააგვირგვინა.

გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა და თენგიზ პაპოშვილმაც (ორივე 73 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ვუგარ ბაირამოვი ლამაზი გდებით ჩამოიშორა, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან - ებრაელ საგი მუკთან ვეღარაფერს გახდა. პაპოშვილმა კი პირველსავე წრეში იპონით წააგო თურქ ბაირამ ჩეილანთან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 2 მედლით დაასრულა. 18 წლის სპორტსმენმა, ბექა ღვინიაშვილმა აზერბაიჯანულ ტატამზე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა, თან ოთხივეში იპონით და მედალთან ერთად 200 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ღვინიაშვილმა შვეიცარიელი კირილ გროსკლაუსის ძლევით გახსნა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე 48 წამში დასცა ბეჭებზე. აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს ვაზარზე დასაგდებად და შესაბოჭად წუთი და 56 წამში აკმარა. მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან ერთ წუთში თავად დავარდა ბეჭებზე და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვს წუთსა და 50 წამში ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე. იქამდე კი ვაზარის შესრულებაც მოასწრო.

რეპეშაჟის ფინალში ბექა ღვინიაშვილი იტალიელ ვალტერ ფასენტეს დაუპირისპირდა და წუთსა და 36 წამში შეუსრულა სუფთა გდება.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ზვიად გოგოჭური იყო განთესილი, მაგრამ ტურნირს პირველივე შეხვედრით გამოეთიშა – საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან სამწუთნახევარში მიღებული ოთხი შიდოთი წააგო. ამ შედეგში მთავარი წვლილი მსაჯს მიუძღვის, რომელიც ქართველი ძიუდოისტის მიმართ აშკარად ზედმეტად მკაცრი იყო.

ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ ოთხივე მათგანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.

ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) ყაზახ მაქსიმ რაკოვთან დამარცხდა. შეხვედრის პირველ სამ წუთში მსაჯმა ორივე ძიუდოისტი სამ-სამჯერ გააფრთხილა. შემდეგ კი რაკოვი გააქტიურდა და ერთწუთიან მონაკვეთში მსხალაძეს ორჯერ შეუსრულა ვაზარი.

გურამ თუშიშვილმა (100 კგ) რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვთან უშანსოდ წააგო. ორ წუთში ჯერ ვაზარზე დავარდა, შემდეგ იპონზე.

გიორგი ზაქარიაძისთვის (+100 კგ) დაუძლეველი ზღუდე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საქმე შებოჭვით მოამთავრა. როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) კი გრანდ სლემს მაროკოელ ელ მეჰდი მალკისთან წაგების გამო გამოეთიშა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამე წუთის მიწურულს ვაზარი აიღო, მაგრამ ბოლო ორ წუთში ისე დაიქანცა, ოთხ გაფრთხილებამდე ავიდა და გრანდ სლემს გამოეთიშა.

საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ჩაერთო, მაგრამ კიმონო მანაც ერთადერთხელ მოირგო – ჩინელ ქსიაონან ქის ბოლომდე თანაბრად ებრძოლა და ზედ საფინალო სირენისას შებოჭვაზე მოჰყვა.

JA Content Slide Error: There is not any content in this category
You are here News მარგიანის ოქრო და გვინიაშვილის ბრინჯაო ბაქოს გრან სლემზე

Up Coming Events

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 95

Tel: (+995 32) 2953601

Email: info@shevardeni-2005.ge
Website : www.shevardeni-2005.ge

შემოგვიერთდით